საზოგადოების მწვავე პროტესტმა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, კვირაზე მეტია მიმდინარეობს, შედეგი გამოიღო - "გავრილოვის ღამიდან" ზუსტად ოთხ დღეში, ივანიშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა მაჟორიტარიზმზე და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დააანონსა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ინიციატივა ითვალისწინებს ნულოვან საარჩევნო ბარიერს.
ე.წ. ნულპროცენტიანი, ანუ ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, ხმების დაკარგვის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ, საზოგადოების ნაწილი, ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ყველაზე სამართლიან საარჩევნო პროცესად მიიჩნევს, რადგან ამგვარად დაკომპლექტებული პარლამენტი, საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ყველაზე უკეთ ასახავს.
ნულპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ბუნებაში არ არსებობს, ნებისმიერი ბარიერი პარლამეტში გასანაწილებელი მანდატებისა და არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის გათვალისწინებით, სპეციალური ფორმულის მიხედვით დგინდება. სპეციალისტების დაანგარიშებით საქართველოს შემთხვევაში ბუნებრივი ბარიერი დაახლოებით 0,67 %-ია. გარდა ამისა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს რატომღაც ბლოკებად გაერთიანება ეკრძალებათ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნების პროპორციული წესით, თუნდაც ნულოვანი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში, ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა აუცილებლად მოუწევს და ოლიგარქი, პარლამენტის დაკომპლექტებას ხელოვნურად შექმნილი ახალი ერთკაციანი პარტიებით ვერ მოახერხებს.