19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
​უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს როგორ აგდებენ დაკავებულს მეორე სართულიდან - თვითმხილველები მომხდარს იხსენებენ 

უმძიმესი კადრები, სადაც კარგად ჩანს რომ 20 ივნისს აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ ე.წ. ზონდერები გამოიყენა და მათთან ერთად ნადირობდა მოქალაქეებზე -  თვითმხილველები მომხდარს იხსენებენ.

ვიდეომასალა ვერაზეა გადაღებული, რამდენიმე თვითმხილველის მიერ. კადრებში კარგად ჩანს, რომ აქციის ერთერთ მონაწილეს სამართალდამცველები ავტოფარეხის სახურავზე აკავებენ, შემდეგ მას სცემენ და მეორე სართულიდან ქვევით აგდებენ. ფიზიკური ანგარიშსწორება ამის შემდეგაც გრძელდება.

„გადმოვიხედე, პოლიციელებით მოფენილი მთელი ეზო, დასდევდნენ ბიჭებს, უგრეხდნენ ხელებს,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს, რომლებიც სპეცრაზმელებს რუსთაველის გამზირიდან გაექცნენ, სადარბაზოებში დასდევდნენ. 

„აქედან მეზობლები ყვიროდნენ - არა გრცხვენიათ, რას აკეთებთ. ჩვენი სადარბაზოდან გამოყარეს ბიჭები, შემორბოდნენ სადარბაზოში, სადარბაზოები დაირბინეს. მერე დავინახე იქიდან გრეხვით გაიყვანეს ეს ბიჭები, ახალგაზრდები იყვნენ სულ. მე ვერ წამომიდგენია, კარგი, იქიდან დაშალეს, დაშალეს, ამ ეზოში რას ეძებდნენ. საშინელება იყო, დაგრეხილი ხელებით, წაკუზული ბაშვები გაჰყავდათ, რისთვის, რატომ, აზრზე ვერ მოვედი. მეტი  წილი იყო პოლიციის თანამშრომელი, ვიდრე ის ბავშვები. გარეთ სროლებიც იყო, სროლის ხმაც გავიგე,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"კურიერითან" საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ დაკავების დროს კონფლიქტი თავად სამართალდამცავებს შორისაც მოხდა.

„რატომ მოხდა კონფლიქტი არ ვიცი, მაგრამ პოლიციელი იყო, ვინც ჩამოიყვანეს და კონფლიქტი მოხდა, ერთმანეთში მოუვიდათ რაღაც. მერე ვიღაცამ უყვირა პოლიციელიაო და გაჩერდა,“ - ამბობს თვითმხილველი.

უმძიმესი კადრები ვრცელდება, სადაც კარგად ჩანს, რომ 20 ივნისს აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ ე.წ. ზონდერები გამოიყენა და მათთან ერთად ნადირობდა მოქალაქეებზე.

დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ურტყამენ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ ხელისუფლების დასახმარებლად გამოყვანილი ე.წ. ზონდერები არიან.

ვიდეო მასალაში ჩანს, რომ აგრესიულია პოლიციაც. ისინიც "ზონდერების" გვერდით დგანან და გამეტებით ურტყამენ მოქალაქეს, აგდებენ სახურავიდან და ადგილობრივების ქონებას აზიანებენ. ეს არის დანაშაული, რომელსაც სამართალდამცველები ღიად და კამერის წინ ჩადიან და წესით არც მათი იდენტიფიცირება არ უნდა იყოს პრობლემა. მაგრამ 12 დღის შემდეგაც კი არ ვიცით დაისაჯა თუ არა ამ სისასტიკის გამო ვინმე.

დღის ამბები