ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება და ადეკვატური პასუხი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაზე - „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნება მაქსიმალურად იქნება ასახული.
„ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება და ადეკვატური პასუხი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაზე. სატელიტ პარტიებს, ფიქტიურ ბლოკებს და იმ ერთგვარ მონოპოლიზაციას, რაც იყო ოპოზიციის სპექტრშიც, სწორედ აუქმებს პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერი. ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დარეგისტრირდება პოლიტიკური პარტიის სახით, ექნება საშუალება ნულოვანი ბარიერით სცადოს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი პარტია ნულოვანი ბარიერის პირობებში სატელიტების შექმნის საფრთხეს გამორიცხავს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც თანაბარი შანსები ექნება 2020 წლის არჩევნებზე.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ შეიყვანს ვერავის პარლამენტში. პოლიტიკური პარტიების ან სუბიექტების შესვლა მოხდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით. შესაბამისად, მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური სუბიექტი მოხვდება პარლამენტში,“ - აცხადებს კახი კალაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში მოხვდება ყველა, ვისაც საზოგადოების თუნდაც მცირე მხარდაჭერა ექნება.
„პარლამენტში მოხვდება ყველა, ვისაც ექნება თუნდაც მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ამას უზრუნველყოფს პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და მაქსიმალურად ზუსტად იქნება ამ სისტემის ფარგლებში საზოგადოების ინტერესი ასახული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.