19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს

ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამეტო არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

„თუ იქნება გამართული ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო, თითოეული მათგანი, ვინც ვერ გავა, იტყვის, რომ დავმარცხდი, თავის თავს დააბრალოს, გამოასწოროს შეცდომები და მომდევნო გამოფენაზე მიიღოს მონაწილეობა,“ -აცხადებს „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე.

ოპოზიციის ნაწილი საფრთხეს ვერ ხედავს იმაში, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში შესაძლებელია „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში.

„ყველას არც მოისყიდის და ვერც მოისყიდის, ეგრე ადვილი არ არის მოსყიდვა. თუ მოაგროვა 15 ათასი ხმა პარტიამ, შეიძლება ერთი მანდატი მოიპოვოს, ალბათ. მერე ის ერთი მანდატის მფლობელი რა მიმართულებით წავა და ვის დაუჭერს მხარს, ეს უკვე მეორე თემაა,“ - განაცხადა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ბუნებრივი ბარიერის  პირობებში ხმების დაბალანსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სატელიტების შექმნის შემთხვევაშიც კი უმრავლესობა ხმების უმეტეს ნაწილს მიიღებს, ისევე როგორც ამას სხვა შემთხვევში ახერხებდა.  

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, სხვა პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ, გიორგი გახარია თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„პირველ რიგში კონსტიტუციაშია ჩასაწერი პროპორციული არჩევნები და ეს რთული და გრძელი პროცესია და მეორე საარჩევნო კოდექსშია ბევრი რამ მოსაგვარებელი. ამასთან ძალიან ბევრი სხვა პრობლემა გვაქვს ჩვენ, გახარია უნდა გადადგეს, სწორი და კარგი მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ. ამ თემაზე პროტესტიც იქნება და ძალიან დიდხანს მოგვიწიოს, მაგრამ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ერთი წამით მაინც შეაყოვნოს ეს პროცესი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც.

„იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ჯანჯღარი შეწყდეს, გახარია უნდა წავიდეს და პროპორციულზე უნდა გადავიდეთ. ნულოვანს რაც შეეხება, ის ნულოვანი არ არის და ბუნებრივი ბარიერია. ეს არის უფრო დეტალები. დღეს აქ მოვედი, რომ დავრწმუნებულიყავიო რომ პროპორციულ სისტემაზე სერიოზულად განაცხადა „ოცნებამ“ და  ამაში დავრწმუნდით,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პროპორციულ სისტემას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საშუალებად მიიჩნევს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა. მისი განცხადებით, ქვეყანა ძალადობის ზღვარზეა და ცვლილებები სჭირდება.

„როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, სულ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ძალადობის ზღვარზე, პროპორციული სისტემა არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ სისტემას, მიაქანებს ქვეყანას 91-ში, ახალი არეულობისკენ და სახელმწიფოების ნგრევისკენ,“ კახა კუკავა.

დღის ამბები