19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ბრალდება - ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა. გადაწყვეტილება ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10:30-ზე გაიმართება.

მოსამართლემ პირველი ინსტანციის განჩინებაზე უნდა იმსჯელოს. სააპელაციოს საჩივრით მიმართა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. სააპელაციო სასამართლომ კი დასაშვებად ცნო, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე ნიკა მელიას ინტერესების დამცველის საჩივარი.

ბრალდების მხარე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატის თქმით კი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მისი განჩინებით ნიკა მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას პროკურორთან შეუთანხმებლად ეკრძალება, როგორც სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ამავე თემაზე
დღის ამბები