19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
პატიმრობა თუ გირაო - ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

პატიმრობა თუ გირაო - რამდენიმე წუთში გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე ინსტანციის სასამართლო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე უკვე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. მოსამართლეს დაცვის და ბრალდების მხარეებმა მიმართეს. 

პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომლის გათავლისწინებითაც მისი თქმით, მელია აუცილებელია პატიმრობაში იმყოფებოდეს. 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების აბსურდულობაზე გაამახვილა ყურადღება ნიკა მელიას ადვოკატმა. 

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელიას დიპლომატიური პასპორტი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქვს ჩაბარებული, რაც აქარწყლებს პროკურორის მტკიცებას, რომ მას ქვეყნის დატოვება შეუძლია. ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქალაქო სასამართლოს შეზღუდვები არ დაურღვევია. გიორგი კონდახიშვილი ასევე გამორიცხავს, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას.

ნიკანორ მელიამ დიპლომატიური პასპორტიც და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩააბარა და ინახება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ის არგუმენტი, რომელიც დღეს მოიტანეს საფუძველმოკლებულია, ვინაიდან პროკურატურის ნების გარეშე შეუძლებელია გამოვიყენოთ დიპლომატიური პასპორტი.

იმის მოშველიება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ნიკანორ მელიას ბრალი აქვს წარდგენილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში აღარ შეიძლება სხვა საქმეში გირაოს გამოყენება, არ არის ასე,“-ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

ადვოკატი კი მელიასთვის დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მელიას შეეზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილება, რაც არაკონსტიტუციურია. ნიკა მელიას ეკრძალება პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები