პროტესტის მეცამეტე დღე - რუსთაველის გამზირზე ერთ საათში აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან. მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია. ადგილზე რჩებიან ის მოქალაქეებიც, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს არ იგეგმება მსვლელობა, პარლამენტის შენობის წინ იქნება მხოლოდ სიტყვით გამოსვლები.
„გახარია უნდა წავიდეს, გავრილოვის ღამის მომწყობი და დამნაშავე სისხლიანი შს მინისტრი უნდა წავიდეს. წავიდეს რა, იყოს აქ თავისთვის. საქართველოს მოქალაქეა და იყოს, მაგრამ პასუხი აგოს თავის მოქმედებაზე. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ამ სამი მოთხოვნიდან შეუსრულებელია,“ - განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
„მეშვიდე დღე არის შიმშილობის, რაც ვშიმშილობ. მოთხოვნა იგივეა, გადადგეს გიორგი გახარია, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რომ ეკავოს შს მინისტრის პოსტი იმიტომ, რომ 20 ივნისს მან რაც ჩაიდინა, თუ კი რამ გააჩნია, თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც ადამიანური, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს პოსტი. აჭიანურებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებს, მით უფრო უარესი იქნება მისივე პოლიტიკური შემდეგი კარიერისთვის. მაგრამ მე მჯერა და მწამს, რომ მას პოლიტიკური კარიერა აღარ ექნება იმ ამბის მერე, რაც ჩაიდინა 20 ივნისს ღამეს,“ - განაცხდა დავით მახარეიშვილმა.