19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
პირი, რომელიც გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს

გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა დასრულდა. საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილება დატოვა. მას გამომძიებლებმა მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

საქმე ეხება მისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, მას უცხო პირები SMS შეტყობინებებს უგზავნიან და მოკვლით ემუქრებიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გიგა მაქარაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირი, რომელიც მას მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, აღნიშნული პირი შეცვლილი სახელი და გვარის გვერდიდან წერდა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება პოლიციამ უკვე შეძლო.

„ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შეხება არ მქონია, არასდროს არ მოუწერია ჩემთან, არავითარი კონტაქტი ჩემთან არ ჰქონია. ზუსტად გინებით იწყებს და მუქარით იწყებს, არც არანაირი ძველი ნაცნობობა და არც რამის გახსენება არ აქვს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. მეტიც, ეს კაცი არ არის დათო მაზანაშვილი, სხვა სახელით და გვარით არის მოსული, ბუნებრივია, რომ იმალება. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა, არ ვიცი სახელი და გვარი, თუმცა, მე როგორც მივხვდი, ეს რა პროცედურებიც ჩატარდა იქ, სხვა სახელით და გვარით არის. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოახდინა პოლიციამ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ძალიან მალე მოახდენენ რეაგირებას იმიტომ, რომ მსგავსი ადამიანები დიდ ფსიქოლოგიურ საფრთხეს წამოადგენენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები