„გავრილოვი "გარშოკივით" რომ დაგვადეს თავზე, შემდეგ დათვის ტყვიები და თვალების თხრა, ამაზე ბრაზი არ გაუვა საზოგადოებას დიდი ხანია,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ "კურიერთან" გააკეთა.
გიგი უგულავა პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციაზე შესაძლოა, ხალხი შემცირდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზს დაივიწყებენ.
უგულავას განცხადებით, გიორგი გახარია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო უნდა გადადგეს.
„როდესაც ადამიანს ბრალად ედება დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა, რომელმაც ადამიანების დასახიჩრება და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვების დაბრმავება გამოიწვია, ეს ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. ივანიშვილი შეიძლება თავის არჩევანში არ არის თავისუფალი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები თავის მოთხოვნაში არიან ერთსულოვნები და გახარია უნდა წავიდეს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ამბობს, რომ მთავარი ცვლილებები ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
"ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, "რუსთაველის მისტიკა" შეგიძლია დაარქვა, რუსთაველზე თუ დაღვრი სისხლს, ის არ შეგრჩება, არ შერჩება ამათ, არ შეგვრჩა ჩვენ და არცერთ ხელისუფლებას. ეს, ალბათ, 9 აპრილიდან წამოყოლილია," - განაცხადა უგულავამ.
პარლამენტის წინ აქციაზე ასევე იმყოფება "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე. მისი თქმით, საზოგადოებამ ორი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა შეასრულებინა ხელისუფლებას - პროპორციული არჩევნები და ირაკლი კობახიძის გადაყენება.
პარლამენტის წინ აქცია მეცამეტე დღეა, მიმდინარეობს. მომიტინგეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ისინი 2 ივნისის სისხლიან ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.