ბორკილი გისოსების ნაცვლად - ნიკა მელიაზე ელექტრონული თვალთვალი დაწესდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერს სპეცსამაჯურს გაუკეთებენ, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში აფიქსირებს მის ადგილსამყოფელს. პროკურატურის მოთხოვნებიდან ეს იყო ერთადერთი, რომელსაც სასამართლო დაეთანხმა. საგამოძიებო უწყების შუამდგომლობა, რომ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, კვლავ არ დაკმაყოფილდა.
„ამათ მემგონი, რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან" - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას უფლება აქვს, სახლიდან მშობლებთან ან აგარაკზე გადაადგილდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ის ვალდებულია პროკურორს დაურეკოს და წინასწარ აცნობოს. თუ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში სხდომაზე მისვლას გადაწყვეტს, ნებართვა პროკურორისგან უნდა აიღოს, თუ პროკურორი უარს ეტყვის, მაშინ დეპუტატი სხდომას ვერ დაესწრება. ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურაც და სასამართლოც კონსტიტუციას არღვევენ და მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიან.
პოლიტიკური იზოლაციის მცდელობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა - ასეთია ოპოზიციის დასკვნა, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს დარბაზსა და სააპელაციო სასამართლოს ეზოში მოისმინა. ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას პარტიების ნაწილი ნიკა მელიას დასჯად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ მეთოდით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს პირადად ბიძინა ივანიშვილი უსწორდება.
ნიკა მელიას ადვოკატი ახლა დასაბუთებული განჩინების მოლოდინშია. გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა დაცვის მხარე ახლა საკონტიტუციო სარჩელის სამზადისშია.