მინისტრ გახარიას ბრძანებით, 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზება მოხდა. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტს ხელისუფლებამ 15 ათასი ძალოვანი დაუპირისპირა.
საოკუპაციო ხაზთან მყოფი პოლიციელები გახარიას ბრძანებით, 20 ივნისის საღამოს საგუშაგოებიდან მოხსნეს და თბილისში გადმოისროლეს. ძალოვანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას რუსი ოკუპანტებისგან იცავენ, 20 ივნისს თბილისში საკუთარი ხალხის პირისპირ აღმოჩნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ოპოზიციის ლიდერებს მიაწოდეს. დგინდება, რომ ხალხის წინააღმდეგ გავრილოვის ღამეს ხელისუფლებამ სპეცრაზმელები და პოლიციელები, თითქმის, ყველა რეგიონიდან ჩამოიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს წერილობით უარყო, რომ ხალხი დასარბევად სპეცრაზმელები საოკუპაციო ხაზიდან გადმოიყვანეს, თუმცა სამინისტროს ერთი დეტალი გამორჩა, ეს ფაქტს თავად გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გავრილოვის ღამეს მომიტინგეების დაშლის ოპერაციაში 5 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა, რაც სრულიად შეესაბამებოდა მომიტინგეთა რაოდენობას. საპირისპიროს ამტკიცებენ „კურიერის“ კონფიდენციალური წყაროები.
აქციაზე იყო 100 მსროლელი, მათ შორის სნაიპერები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ხალხს ნარინჯისფერ რაკეტის ფორმის ტყვიებს. სროლის დავალებას მათ განსაკურებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ყაყიჩაშვილი აძლევდა.
დარბევის დაწყების მომენტიდან პარლამენტში იყვნენ გიორგი გახარია, მისი პირველი მოადგილე კახა საბანაძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სამივე სპეცრაზმის მეთაურს რაციაში ეძახდა, როდის უნდა ესროლა ხალხისთვის.
ზუსტი მონაცემების დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვის ღამეს 10 ათასზე მეტი გასროლა მოხდა, მათ შორის იყო 4 ტიპის ტყვია და წიწაკის გაზი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სისხლიანი ღამის მოწყობის გადაწყვეტილებას ვერც გახარია და ვერც ანზორ ჩუბინიძე ვერ მიიღებდნენ და დარბევა ივანიშვილისგან იყო სანქცირებული.
დემონსტრაციამ ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი და სახიფათო ხასიათი მიიღო. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ „ოცნება“ ხალხს ისე გაუსწორდა, როგორც რუსი ჯარისკაცები 9 აპრილის მომიტინგეებს.