პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შს მინისტრისა და სპეცრაზმელებისთვის - „ევროპული საქართველოს“ დადგენილება უკვე პარლამენტშია. „ევროპული საქართველოს“ ინიცირებულ დოკუმენტში ოპოზიციური პარტია დეპუტატებს სთხოვს, შეაფასონ სისხლიანი ღამე და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.
დადგენილების პროექტში, რომლის განხილვასაც „ქართული ოცნება“ ამ დრომდე ბლოკავს, პირდაპირ წერია, რომ პარლამენტმა პროკურატურას იმ სპეცრაზმელების სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემაც უნდა მოსთხოვოს, ვინც ხალხს თვალები დათხარა და თავები გაუხვრიტა.
გავრილოვის ღამის შესახებ მომზადებულ დადგენილების პროექტს უკვე 10 დღეა, „ქართული ოცნება“ ბლოკავს. ბიძინა ივანიშვილის პარტიაში მიაჩნიათ, რომ შსს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული ამავე უწყებამ უნდა გამოიძიოს.
ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს ურჩევენ, რომ ივანიშვილი გიორგი გახარიას გაშვებაში დაარწმუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ინსტიტუცია, პარლამენტის მსგავსად, საერთოდ აღარ იმოქმედებს.
უმრავლესობიდან დემარშით წასულები კი ამბობდნენ, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას პარლამენტის სხდომა არ უნდა სჭირდებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას გამორიცხავს, საკითხზე მსჯელობა „ოცნების“ წევრებს მაინც მოუწევთ.
„ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტის განხილვა, რომლის მთავარი მოთხოვნაც გახარიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაა, ჯერ იურიდიულ კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარული სხდომაზე გაიმართება.