კრემლის ახალი მუქარა - ჟენევის მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე გრიგორი კარასინი საქართველოს წითელი ხაზების დათმობის სანაცვლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს. „კომერსანტთან“ ინტერვიუში კარასინი საქართველოს დაემუქრა და დაპირებებიც გასცა. ავიამიმოსვლის დაბლოკვას ხისტი, თუმცა ადეკვატურ ზომა უწოდა. მაგრამ აქვე კარასინმა თბილისს გზავნილი გადასცა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდა და ეს პროცესი შეაჩერა. ამ ინტერვიუდან მარტივად იკითხება, რომ მოსკოვი ახლა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მოქმედება.
კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "ოცნების" მთავრობამ რუსეთთან ახალი პოზიტიური ურთიერთობები ააშენა და კავშირები სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა დაანგრიეს. მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქციები საქართველოს მთავარ გამზირზე კრემლში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების პროტესტად აღიქმება.
ჩაითრია თუ არა კრემლმა თბილისი ახალ პოლიტიკურ თამაშში? ოპოზიცია ხელისუფლებას მორიგ დათმობებში ადანაშაულებს, "ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ არ აჰყვება მოსკოვის პროვოკაციას. სერგეი გავრილოვის ვიზიტი, საპროტესტო გამოსვლები და სისხლიანი სპეცოპერაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა. მოსკოვი, რომელმაც ტურისტული ემბარგო დაგვიწესა, ამბობს, რომ მკაცრ რეჟიმს მხოლოდ დათმობების სანაცვლოდ გააუქმებს. ოპოზიცია მოელის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მზად არის, გადადგას მორიგი, კრემლთან დაახლოვების ნაბიჯი.
ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ კრემლი გაოცებულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნაშენები პროპაგანდის შედეგი ერთ დღეში გავრილოვის ღამეს თავზე ჩამოენგრა. ასევე, როცა გააცნობიერეს, რომ საქართველო მოქალაქეების ევროატლანტიკური არჩევანი იმდენად მყარია, რომ ამისთვის პროტესტი ყოველ საღამოს მეცამეტე დღეა, გრძელდება.