„ხელისუფლებას კარგი სვლა, მისთვის სასარგებლო სვლა უბრალოდ არ აქვს“.- ამის შესახებ განცხადება დავით ზურაბიშვილმა "კურიერთან" გააკეთა. პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ყველა გონივრული და ღირსეული გამოსავალი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
ოპოზიციის წევრები, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა და ის გახარიას უნდა შეელიოს.
„განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს შს მინისტრი, რომელიც ოკუპანტის სახელით თვალებს თხრის თავის მოსახლეობას, ეს განწყობა არსად არ წავა. ასე, რომ ივანიშვილს აქვს ერთადერთი არჩევანი დღეს და ეს არის, რომ დროულად გაუშვას თანამდებობიდან შს მინისტრი,“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა, თინა ბიკუჩავამ.
მეცამეტე დღეა, აქციას მხარდაჭერას უცხადებს „ევროპული საქართველოც“. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს მოიყრუოს ყური იმ ლეგიტიმურ მოთხოვნებზე, რომელიც მოქალაქეებს აქვთ.
„ხელისუფლება აგრძელებს თავის მოტყუებასაც და სირაქლემის პოზაში დგომას, თითქოს, არ ესმის ხალხის ხმა. მეორე მხრივ, ცდილობს, ალბათ, საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვადასხვა თემაზე. თუმცა ნათელია, როდესაც ჩადენილია აშკარა დანაშაული, როდესაც ყველამ ვნახეთ ის სისასტიკე, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, ჟურნალისტებს, ამ შემთხვევაში გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დავიწყება და არდაყენება წარმოუდგენელია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშიაც. მისი თქმით, მხოლოდ გახარიას გადადგომის შემდეგ უნდა დადგეს დღის წესრიგში სამართლებრივი საკითხების შესწავლა.
„პირველ რიგში, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გახარიამ. სამართლებრივი საკითხები შემდეგ გასარკვევია. ახლა უდანაშაულობის პრეზუმციას მე ვერავისას ვერ დავარღვევ, მაგრამ ის, რომ მოუწევს ხალხის ხმის გაგონება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,“ -განაცხადა ლევან სამუშიამ.