„შენების მოძრაობის“ ლიდერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მივიდა. დავით უსუფაშვილი "არჩევანში" ამბობს, რომ ოპოზიციის მთელი სპექტრის სურვილი იყო სწორედ პროპორციული არჩევნები. თუმცა, დავით უსუფაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ განცხადება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა და რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება, შესაძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა უკან წაიღოს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამიტომ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურად დაკანონება.
„პრიორიტეტია პროპორციული არჩევნების დამაგრება კონსტიტუციურად იმიტომ, რომ პოლიტიკური განაცხადი, რაც გაკეთდა, არის ნაძალადევი განაცხადი "ქართული ოცნების" მხრიდან და დიდი სიამოვნებით წაიღებს უკან ამ განაცხადს თუ კი მას საბაბი მიეცემა. მეორე მხრივ, ჩვენ გავიგეთ მყისიერი რეაქცია ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც ეს კონკრეტული შემოთავაზება ჩათვალა რომელსაც თუ ვინმე დათანხმდება ან სულელები ვართ ან ნაყიდები ვართ და გამოგვიცხადა დღის წესრიგი ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით. პროპორციული არჩევნები არავის არ აწყობს, ვისაც ერთმმართველობის შენარჩუნება უნდა ან მოპოვება უნდა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ივანიშვილის ან სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ მოექცეს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილს, რომ დადგეს ნიკა მელიას გვერდით, როდესაც მას უკანონოდ იჭერენ და არ მოერიდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, რომ მას მხარი არ დაუჭიროს.
კითხვაზე, იყო თუ არა უხერხული მისი მისვლა „ოცნების“ პრეზენტაციაზე, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსი უნდა იყოს მზად, თანაც მისთვის ყველა მიუღებელ ადამიანთან აწარმოოს მოლაპარაკებები. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახლა არ არის იმის დრო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთი გააკრიტიკონ.
„ზუსტად ეს სჭირდება ახლა ხელისუფლებას, დაყავი და იბატონეს პრინციპით რომ ჯერ არჩევნების მოპოვებამდე გახლიჩოს ოპოზიცია. ამ რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს სუყველა. კონფლიქტსა და საპასუხო ბრწკენებში არ შევდივარ. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემი იქ მისვლით პროპორციულ არჩევანს მოაკლდა რამე? რამე შეთანხება დავარღვიე?" -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.