როდესაც საქართველოს ბედი წყდება, ვინ მომწონს და არ მომწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა - ასე განმარტავს ალეკო ელისაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისვლის მიზეზებს. „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე "არჩევანში" ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი ბევრი ადამიანი იჯდა დარბაზში, თუმცა ის საკითხი, რომ იქ საქართველოს ბედი წყდებოდა, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ იქ ყოფილიყო.
„რაღაცების მოთმენა და ატანა გიწევს. "ქართული ოცნება" სულაც გულზე არ მეხატება, მაგრამ მათ გააკეთეს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება საქართველო. მე, რაც პოლიტიკაში ვარ, ორი რამე მაქვს სახელმძღვანელო. ერთი - ჩემი სინდისი რას მკარნახობს და მეორე - ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა არის უკეთესი. პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით თავგამოდებულები. კი ბატონო, ვიჯექი იმ შეხვედრებზე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სულაც არ მეხატებოდა გულზე, ხელმოწერებს რომ ვაგროვებდით, მაგრამ მაშინ ჟურნალისტებმაც მკითხეს ამასთან როგორ იჯექი, იმასთან როგორ... მე ვთქვი, რომ აქ საქართველოზეა ლაპარაკი, რომ ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს, სახლში უნდა დავტოვო ეს ყველაფერი-თქო, ზუსტად იგივე იყო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია და ჰქონდა კითხვები, რომლის დასასმელადაც "ოცნების" პრეზენტაციაზე მივიდა.
„კითხვები მქონდა, რომელიც უნდა დამესვა. აქეთ მომარიდოს თვალები ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს, მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ლიდერებს პროპორციული სისტემისთვის.
ალეკო ელისაშვილმა ასევე მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას არ სურს არჩევნები და ხელისუფლებაში მოსვლა არეულობით უნდა.
„სააკაშვილის ერთადერთი ახირებაა, მას არ სჯერა არჩევნების. ამას უნდა არეულობა, რომ ამ არეულობაზე თვითონ მოვიდეს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი განცხადებას ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ უპასუხა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს მადლობა გადაუხადა, არადა ეს მადლობა რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს ეკუთვნით.
„მადლობა ვის, ბატონო ალეკო? იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას პროპორციული არჩევნები არ უნდა... ჩვენი ინიციატივა იყო პროპორციული არჩევნები, 20 პოლიტიკური სუბიექტის და ჩვენ მივიტანეთ 300 ათასი ხელმოწერა. ეს არის "ოცნები"ს გზავნილი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.