„პროპორციული არჩევნები 2020-ის“ ინიციატივასთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში კამათი ხატია დეკანოიძეს და დავით უსუფაშვილს შორის მოხდა. ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ოპოზიცია დაშალოს.
დეკანოიძე ამბობს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელმოწერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეაგროვა.
„ეს არის „ოცნების“ გზავნილი ძალიან პირდაპირი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ან გაერთიანებულ ოპოზიციას არ სურს პროპორციული არჩევნები,“ - ამბობს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, რომ მცირე პარტიები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს.
„ბიძინა ივანიშვილს ექნება მცდელობა შეითრიოს რაღაც პოლიტიკური სუბიექტები. ასევე ექნება მცდელობა, რომ დაქსაქსოს ოპოზიცია რეალურად, ეს იყო ზუსტად მისი განცხადება და ეს იყო მომდევნო დღეების ჯაჭვი,“ - ამბობს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძის პოზიცია მიუღებელია „შენების მოძრაობის“ ლიდერისთვის. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა.
„ექნება მცდელობა და მე კიდევ თავი მაბია ამისთვის და ყველა ცდილობს, სადმე შემითრიოს და არსად არ შევეთრევი, აქეთ შემოეთრიოს ვინმე თუ უნდა,“ - ამბობს უსუფაშვილი.