„ირაკლი კობახიძემ რაღაც ჯადოქრობები ილაპარაკა, რომლის შინაარსიც მე ვერ გავიგე,“ - ეს განცხადება იაგო ხვიჩიამ "არჩევანში" გააკეთა. ხვიჩია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაციას გამოეხმაურა, რომელსაც „გირჩი“ დაესწრო.
იაგო ხვიჩიასთვის არალოგიკურია ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან წამოსული კრიტიკა, რომელიც პრეზენტაციაზე მისულმა ხელისუფლების ოპონენტებმა დაიმსახურეს.
„ჩემთვის გაუგებარია დაკმაყოფილებულ მოთხოვნაზე დესტრუქციული ქცევა,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, პრეზენტაციაზე ყოფნის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაახმოვანა.
„კანონპროექტების ავტორებისგან მინდოდა გამეგო ის სისტემა, რომელიც ყველას აზრით კარგი იყო, აქციის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, რატომ მხოლოდ 2020 წელს, თუ ეს კარგია და ყველანი ვთანხმდებით, რომ კარგია, 2024-ში რატომ არ უნდა ყოფილიყო ან 2028-ში. ამაზე არაფერი არ მიპასუხეს, ირაკლი კობახიძემ რაღაც ჯადოქრობები ილაპარაკა, რომლის შინაარსიც მე ვერ გავიგე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კიდევ ერთი შეთავაზება, რაც „ქართულ ოცნებასთან“ ჰქონდა საარჩევნო ასაკს შეეხებოდა - 18-დან 16 წლამდე დაწევას. ამაზეც, ხვიჩიას თქმით, პასუხი „ოცნების“ ლიდერებისგან ვერ მიიღო.
იაგო ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილი შეეცდება, პატარა პარტიები თავის ორბიტაზე მოაქციოს. იაგო ხვიჩიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩევნებამდე უნდა გაირკვას, ვინ მოექცევა ივანიშვილის ორბიტაზე.
„მე შეიძლება მიხეილ სააკაშვილთანაც შევიდე კოალიციაში თუ უკეთესი შემოთავაზება ექნება ამ ქვეყნისთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. შევალ ბატონ დავით უსუფაშვილთან, თუ მას ექნება უკეთესი შემოთავაზება, შევალ ბიძინა ივანიშვილთან, თუ სხვაზე უკეთესი შემოთავაზება ექნება. ახლა თუ ჩამითვლით, რომ მე არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, ეს იქნება ტყუილი,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყნისთვის გამოსავალი მრავალპარტიულობაშია.
"კოალიციური მთავრობების შექმნას სჭირდება მზაობა კოალიციისთვის," - ამბობს უსუფაშვილი.