ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას მიმართა.
უცნობია, როდის ჩატარდება რიგგარეშე სესია. იმ შემთხვევაში თუ ზაქარია ქუცნაშვილს უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდება, შესაძლოა შუალედური არჩევნები დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში ოქტომბერში აღარ ჩატარდეს.
„9 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება აუცილებლად ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, და კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ პარლამენტის წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება, ამისათვის საჭიროა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღოს შესაბამისი დადგენილება და შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს რიგგარეშე სესიაზე, როდესაც იქნება მოწვეული პლენარული სხდომა, პარლამენტი პირველ საკითხად სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს და პირველ რიგში ამ საკითხს უყრის კენჭს“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.