იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა მმართველ გუნდში კონსულტაციებს აანონსებენ.
დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებს სწორედ იმის გამო სჯიან, რომ არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას. რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშისთვის მოსალოდნელ სანქციებზე მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში იმსჯელებს. განხილვებში მონაწილეობისთვის მზად არიან ურჩი დეპუტატებიც. რომან კაკულია ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება გახდება, თავის არგუმენტებს თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ აუხსნის.
„ცხადია, არ არის ეს მარტივი საკითხი. სამომავლოდ ძალიან კარგია, თუ ამაზე მსჯელობა იქნება და მე კიდევ ერთხელ მომეცემა ყველა ჩემი მოტივაციის გუნდის ყველა წევრისათვის ახსნისა და განმარტების საშუალება. ორი საკითხი იყო აქ, ის რაც ხდებოდა პარლამენტის წინ აუცილებლად სამართლებრივ შეფასებას ეს საჭიროებდა და გამოძიების საგანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არის მეორე საკითხი, საპარლამენტო რესპუბლიკაში იმუნიტეტის მოხსნის თემა და მივიჩნიე საჭიროდ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება ყოფილიყო. ეს იყო ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება,“-ამბობს კაკულია.
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ურჩი დეპუტატების სათანადოდ დასჯას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საერთო „ჩატში“ ითხოვენ, კაკულია ამბობს, რომ ამაზე არაფერი იცის. მისი განცხადებით, ამ ეტაპამდე გუნდში მისი გარიცხვის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.
„ამ ეტაპზე ასეთი მსჯელობა არ ყოფილა ეს უბრალოდ პრესაში გაუგებარი ინფორმაციაა,“-აცხადებს კაკულია.
შეგახსენებთ, პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის მიზნით, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიდან ამ საკითხს მხარი ოთხმა არ დაუჭირა. რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის გარდა, უარი მელიას იმუნიტეტის მოხსნაზე ალექსანდრე ერქვანიამ და ბიძინა გეგიძემ განაცხადეს. კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ხმა იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცა, თუმცა შემდეგ განმარტა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.