როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი - ეს განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელი, შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუწყო. მისი თქმით, კურსზე ორი ფაქტორი მოქმედებს - ეს არის ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმჯობესდება და მოლოდინები, რომელსაც პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის.
,,როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი. მე ყოველთვის ვამბობ, ლარის კურსზე მოქმედებს, როგორც ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დღეს დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8155 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8237 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1902 ლარს შეადგენდა.