„ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს,“ - ასე გამოეხმაურა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე კახა კალაძის იმ განცხადებას, სადაც თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დაშლა არ მომხდარა, არამედ ის იყო მოგერიება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება მსგავსი ტიპის განცხადებებით ცდილობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას გაექცეს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია მთავრობამ 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს. კალაძეს ისიც შეახსენეს, რომ მას, როგორც თვითმმართველ მერს, ჰქონდა ვალდებულება, დემონსტრანტები გაეფრთხილებინა მანამ, სანამ აქციის დარბევა დაიწყებოდა.
„თურმე, პარლამენტის წინ ადგილი ჰქონია არა შეკრება-მანიფესტაციების დაშლას, რასაც კანონის ენაზე დაშლა ჰქვია, არამედ თურმე, ეს ყოფილა მოგერიება, ამიტომ, თურმე, სახელმწიფოს აქციის მონაწილეებისთვის შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონია, რომ მათ მისცემოდათ გონივრული დრო და მშვიდობიანად დაეტოვებინათ შეკრება-მანიფესტაციის ადგილი. ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ მოიხსნას პასუხისმგებლობა და გაექცნენ პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, თუ დავუჯერებთ, რომ ეს მოგერიებაა კონკრეტულ სამართალდამცველზე თავდასხმის, რეალურად გამოდის, რომ მაკო გომური და ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც დაზიანება აქვს, თურმე ესხმოდა სამართალდამცველს და ისინი იგერიებდნენ მათ. მათ შორის 38 ჟურნალისტი, თურმე, თავს ესხმოდა სამართალდამცველებს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს, რაც ვერავისთვის დამაჯერებელი ვერ იქნება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.