„ქართული ოცნება“ ურჩ დეპუტატებს მაინც დასჯის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა, რომ მათ საკითხს, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში განიხილავს. მარიამ ჯაში და რომან კაკულია, ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებენ, თუმცა შესაძლოა, ისინი დასაჯონ და თანამდებობიდან გადააყენონ. „ქართული ოცნება“ ამ დეპუტატებს პარტიული ერთგულების დარღვევას არ პატიობს. მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ხმა არ მისცეს და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ წავიდნენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, ე.წ. "ჩატში", რამდენიმე დღის წინ, სწორედ ურჩი დეპუტატების დასჯა განიხილებოდა და რეაგირებას გუნდისგან ოთარ დანელია და ნუკრი ქანთარია ითხოვდნენ. მსგავს მიმოწერას დეპუტატები უარყოფენ, თუმცა ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ თანაგუნდელების საქციელით ჯერ კიდევ უკმაყოფილოა.
რას უპირებს გუნდი, არ იცის რომან კაკულიამ. თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნებისმიერი განხილვისთვის მზადაა. ამბობს, რომ "ჩატის" მიმოწერის შესახებ მხოლოდ სმენია და პირადად მისთვის არავის უთქვამს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს.
"ქართული ოცნებაში" გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვებისთვის მზადაა მეორე ურჩი დეპუტატიც. მარიამ ჯაში ამბობს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი "ქართული ოცნების" ოთხმა დეპუტატმა არ დაუჭირა. მარიამ ჯაში, რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია თანაგუნდელების განაჩენს ელიან.