ყველა ერთად გიორგი გახარიას გადასარჩენად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთიანი გზავნილით ცდილობს, ძალოვან მინისტრს ის პასუხისმგებლობა აარიდოს, რომელიც გავრილოვის ღამის ავტორს ეკისრება. ორკვირიანი პროტესტის საპასუხოდ მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 20 ივნისის პარლამენტის წინ გამართული აქციის დასაშლელად გახარიამ უკანონო ბრძანება გასცა.
პარლამენტის თავმჯდომარე თავს არიდებს, გასცეს პასუხი კითხვას, რატომ არ დასჯილა არავინ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ. დაპირების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს უნივერსიტეტის უკანა კარიდან გაიპარა და ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხა. დაცვის სამსახურმა არჩილ თალაკვაძე ჯერ კულისებში გაიყვანა და შემდეგ სათადარიგო გასასვლელიდან მანქანაში ჩასვა.
რაც დრო გადის "ქართული ოცნება" უფრო მეტად ცდილობს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას სხვადასხვა გზით თავიდან აარიდოს. „ქართული ოცნების“ განცხადებებში ახალი გზავნილი გაჩნდა - სპეცრაზმმა არა მინისტრის ბრძანებით, არამედ თვითნებურად ისროლა.
მინისტრ გახარიას გადასარჩენად „ქართულ ოცნებას“ საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული. „კურიერის“ ინფორმაციით, ეს დავალება პარტიის წევრებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა ბოლო შეხვედრაზე მისცა.
პარტია არ დაუტოვებია გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის ინიციატორ ზაქარია ქუცნაშვილს. დღეს ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კამერების წინ გამოჩნდა და თქვა, რომ ხალხის პროტესტი შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა გადადგეს.
საპარლამენტო უმრავლესობის მცდელობის მიუხედავად, რომ გადაარჩინოს მინისტრი გახარია და სისხლიანი დარბევის დროს ყველაფერი რიგით პოლიციელებს გადააბრალოს, ოპოზიციაში პოლიტიკურ უსინდისობას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკანონო ბრძანებების გამცემი 20 ივნისს გიორგი გახარია იყო და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიაა ვერ გაექცევა. ომბუდსმენი დარბევაზე ცალკე ანგარიშს ამზადებს, რომელიც ერთ კვირაში გამოქვეყნდება.