დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკის გამაგრება დაიწყო. გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად, საზღვრები არ მოხსნილა არც უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ყველა მაღალ წერტილს ახლა ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთად აკონტროლებენ. ჩიჩხიტურის კოშკთან მისვლა ყველას შეუძლია, თუმცა მესაზღვრეების მეთვალყურეობით. ახალი ბილიკისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შესაძლოა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაღიზიანების მიზეზი გახდეს, ამიტომ ქართველი სამართალდამცველები სტუმრების გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს აღარ მიმდინარეობს, სამონასტრო კომპლექსის უძველეს მონასტერთან შეზღუდვებია დაწესებული. გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს. ბოლო წერტილი სადაც გადაადგილება შეიძლება აღდგომის ტაძარია. ადგილობრივი გიდები ამბობენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გზა რომელიც უძველეს ტაძრებამდე და უნიკალურ ფრესკებამდე მიდის მათი საკუთრებაა.
ამ მძიმე რეალობის პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო სადემარკაციო კომისიის საბოლოო დასკვნას ელოდება. ორი ქვეყნის კომისიამ რამდენიმე დღეში საზღვრის დასადგენად აზომვითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, თუმცა პროცესის დასრულებამდე რატომ ჩაკეტა აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა. ქართულ მხარეს პასუხი არ აქვს.