20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდა. ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა დარბევის ბრძანება. მისივე თქმით, აქ მთავარია იყო თუ არა პოლიციელების ქმედება კანონიერი. თუმცა მინისტრის მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ პოლიციას გარკვეულ სიტუაციაში ბრძანების გარეშე მოქმედების უფლება აქვს.
„აქ მთავარი საკითხის არ არის იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ასეთი ბრძანება. მე საკითხს ასე დავაყენებდი. იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი. და მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც ემუქრება პოლიციელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როდესაც პოლიციელზე მოაქვთ იერიში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როდესაც პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ. და ყველამ იხილა ალბათ ის ფაქტი, როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს. როგორ იტაცებდნენ კორდონიდან. როგორ ხდებოდა მათი განიარაღება. უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას. რა თქმა უნდა არა.
მე გეუბნებით კანონით, რაც არის გათვალისწინებული. კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედებდა, ასევე ბრძანების გარეშე მოქმედება. იყო გარკვეული ქმედებები, რომელიც კანონით ბრძანების გარეშე, რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია და იყო გარკვეული ქმედებები პოლიციელების მხრიდან, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას დაუყოვნებლივ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება მოქმედების შესაძლებლობა აქვს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს არავის მისცემს უფლებას, რომ პოლიციელები, რომლებიც თავს იცავდნენ, სახალხო წესით დაისაჯონ.
„არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთაც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რომლებსაც კორდონიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, ამ ადამიანების სახალხო წესით გასამართლება მოხდეს. იქ სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო, კონკრეტულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს შესაბამისი შედეგები დადგება,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილი არ პასუხობს კითხვას - კონკრეტულად ვინ გასცა დარბევის ბრძანება. ის მხოლოდ იმას აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფები ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. ნათია მეზვრიშვილი, კახა კალაძის მსგავსად იმეორებს, რომ პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში.
„პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ და სრულად ლეგიტიმურია ის რაც ამ ადამიანებმა, ვგულისხმობ საერთო ჯამში ოპერაციას და არ ვგულისხმობ ცუდი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს კონკრეტულ გადაცდომებს, საერთო ჯამში ოპერაცია იყო ლეგიტიმური , პროპორციული და საერთო ჯამში კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.