გიგი უგულავა დღეს დილიდან გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს - მან დაკითხვის უწყების ჩაბარებაზეც უარი განაცხადა. უგულავა ამბობს, რომ გამოკითხვაზე არ გამოცხადდება, სანამ თავად შს მინისტრს, მისსავე უწყებაში არ გამოკითხავენ. თუკი ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა მზად არის გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ღიად აფიქსირებს, რომ ის ჩვენების მიცემას არ გაურბის. უგულავასთან კითხვები სავარაუდოდ, სამართალდამცველებს 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
"უნდათ ბრალის წაყენება, როგორც ადრე იძახდნენ, "პაჟალუსტა," უნდათ დაპატიმრება, ასევე "პაჟალუსტა," ჩემთვის ეს არც პირველია და როგორც ჩანს, არც უკანასკნელია. არანაირი პრობლემა არ არის. შსს-ში გამოკითხვაზე მე მივალ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შსს გამოკითხავს, გამოძიება ოფიციალურად გამოკითხავს საკუთარ მინისტრ გახარიას. ამიტომ, ძვირფასო გამოძიებავ, თუ თქვენ გაინტერესებთ ჩემი ჩვენება, როდესაც პატივცემულ მაგისტრ მოსამართლეს ექნება დრო, მე მზად ვარ მივიდე და მივცე ჩვენება და მოვუყვე ყველაფერი ის, რაც მე ვნახე, მათ შორის ის ფაქტი, თუ რატომ მოხდა მოლაპარაკებების ჩაშლა გახარიას მხრიდან. სასამართლოს და დამოუკიდებელ გამოძიებას ექნება გამოსაკვლევი, რა როლი მიუძღვის ამ დროს ბიძინა ივანიშვილს, ეძინა მაგ დროს, თუ დავალებებს იძლეოდა. მე ჩემი ვერსია მაქვს ბუნებრივია, მე დარწმუნებული ვარ, რომ დავალებებს იძლეოდა ის, სულერთია მისცა დავალება გახარიას თუ ანზორ ჩუბინიძეს, ეს დავალება იყო უკანონო და ეს დავალება იყო დანაშაულებრივი,"-აცხადებს გიგი უგულავა.