8 პოლიტიკური გაერთიანება აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ოპოზიციის განცხადებით, რეგიონის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოსახლეობამ სრულად პროპორციული წესით უნდა აირჩიოს და არა შერეულით, როგორც ეს დღეს ხდება.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პარალელურად, უნდა შეიცვალოს უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყებას აანონსებენ.
„ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც. გთავაზობთ, უმოკლეს ვადაში დაიწყოს კონსულტაციები, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო, ანდა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ბუნებრივი ბარიერს პირობებში“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.