20 ივნისის მოვლენები - ოპოზიციის ლიდერები სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. ხელისუფლებას შეკითხვები გიგი უგულავასთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან აქვთ. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მანამ მივა, სანამ უწყება სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელ მინისტრს, გიორგი გახარიას არ დაკითხავს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წევრები მოწმის სტატუსით არინ გამოკითხვაზე დაბარებულები, ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მათ ბრალიც კი წარუდგინონ. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ოპონენტებს გადააბრალოს.
„განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო, რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით და გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და ბრძანება მათ არ ჰქონიათ, სახეზე გვაქსვ გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება. ამიტომ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ პროაქტიულად მივიჩნევ, რომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება დაკითხვა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე.
„გამოძიებასთან ვაპირებ თანამშრომლობას, რომელიც ახლა უსუსურად ცდილობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პირადად ივანიშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის და როგორც ჩანს, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დანაშაული აიცილონ და შეეცადონ, ეს ყველაფერი გადაიტანონ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ლიდერებზე,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.