უდიდესი პოლიტიკური შეცდომა - ასე აფასებს "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტში სერგეი გავრილოვის ვიზიტს მეთიუ ბრაიზა. სახელმწიფო მდივნის ყოფილი ასისტენტის თქმით, დაუშვებელია, რომ პოლიტიკური ლიდერი ასე მოწყდეს რეალობას და ამ მასშტაბის კრიზისის პროვოცირებას შეუწყოს ხელი.
ბრაიზას თქმით, ირაკლი კობახიძეს პირველივე წუთებში უნდა აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადამგარიყო.
„გავრილოვის სპიკერის სავარძელში ყოფნა უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა. როგორ შეიძლება ლიდერი ასე მოწყდეს საკუთარი ხალხის შეხედულებებს და იფიქრო, რომ ნორმალურია ჩამოიყვანო ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც შემოიჭრა და მოახდინა შენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. გასაგებია, რომ შეიძლება გქონდეს სურვილი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების, მაგრამ ეს იყო, როგორც ქვეყნისთვის, ისე სპიკერისთვის, დამამცირებელი ჟესტი სპიკერი მალევე უნდა გადამდგარიყო, როგორც კი ეს კატასტროფა მოხდა. რომლის საფუძველიც გახდა სავსებით თავიდან ასაცილებელი და დამამცირებელი შეცდომა, რატომ არ უნდა გადამგარიყო?“-ამბობს ბრაიზა.
ბრაიზა ქვეყანაში მიმდინარე აქციებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლები დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება და ამ ფონზე, თვლის, რომ ნატომ საქართველოს აუცილებლად უნდა მისცეს მაპი.
"ფანტასტიკურია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა ქართველები გრძნობენ, რომ საქართველოს ადგილი მსოფლიოში დასავლეთშია, რადგან საქართველო ისედაც ევროპული ქვეყანაა. მათ არამხოლოდ პროტესტის სურვილი აქვთ, არამედ მზად არიან ტკივილი განიცადონ და დაზიანებებიც მიიღონ. მათ აჩვენეს, რომ არ გახდებიან არც რუსეთის მანიპულაციის იარაღი და არც მისი კონტროლის ქვეშ მოექცევიან, მათ სურთ იყვნენ დამოუკიდებლები და ეკუთვნოდნენ დასავლეთს,“-აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
სახელმწიფო მდივნის ყოფილი ასისტენტი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. თუმცა მისი თქმით, გამოძიება ობიექტური უნდა იყოს.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, რაც თქვენს კოლეგას დაემართა. დღის ბოლოს ეს ტრაგედიად იქცა, ზოგიერთმა ისეთი ჭრილობა მიიღო, რომ ცხოვრება სრულად შეეცვალა. იყო თუ არა ეს ძალის გადამეტება ეს გამოძიებას საჭიროებს და ეს გამოძიება ობიექტური უნდა იყოს,“-განაცხადა ბრაიზამ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.