20-21 ივნისის ღამეს განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ უსაფუძვლო დაკავებებზე ამახვილებენ ყურადღებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.
ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი, ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ 305 ადამიანის დაკავებების ოქმები თითქმის იდენტური ხასიათის იყო.
ნასრაშვილის თქმით, სამართალდამცავები აკავებდნენ იმ პირებსაც, ვისაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.
„305 ადამიანი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ამ ადამიანების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დაკავების ოქმები იყო ფაქტობრივად, იდენტური ხასიათის, არა ინდივიდუალური და შეუძლებელი იყო გარჩევა, რაში გამოიხატა კონკრეტული პირის მხრიდან სამართალდარღვევის თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. აკავებდნენ ყველას, ვინც რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, განურჩევლად იმისა და განურჩევლად იმის დაკონკრეტებისა და აღწერისა, თუ რას აშავებდნენ კონკრეტული დემონსტრანტი," - განაცხადა ნასრაშვილმა.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა დემონსტრანტებს.
"დაკავების დროს სცემდნენ აქციის მონაწილეებს. მათ შორის, არაერთი კადრი ვნახეთ, სადაც პლასტმასის ხელბორკილს ურტყამდნენ დაკავებულს. დაკავების შემდგომ, EMC-ის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიცავდით, მიუთითებდნენ იმაზე, რომ მათ მიმართ ჰქონდათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ადგილი. კერძოდ, პოლიცია იყო ძალადობრივი, პოლიციას არ ჰქონდა სურვილი, რომ აღმოეჩინათ მათთვის სამედიცინო დახმარება ან ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრობლემაც იყო,“ - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.
კვლევაში ცალკე თავი ეთმობა ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას. ადვოკატი ჟურნალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამართალდამცავები მათ საქმიანობას მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს.
„ჟურნალისტების ნაწილი მიუთითებს, რომ აღქმადი იყო სამართალდამცავებისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჟურნალისტები და ახორციელებდნენ საქმიანობას და აშკარად, ამბობენ იმას, რომ მიზანმიმართულად ჰქონდა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას,“ - განაცხადა ნასრაშვილმა.
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" აცხადებენ, მხოლოდ საჯარო სივრცეში არსებული მონაცემების გაანალიზებითაც კი, უშუალოდ იკვეთება შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი.
28-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ აქციის დარბევა ხდებოდა გამორჩეული სისასტიკით, ხოლო რეზინის სასიკვდილო ტყვიებს პოლიცია დამიზნებით ესროდა იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამართალდამცველებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.