მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში"- ამ სახელწოდებით ბათუმში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მედიცინა არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ის აუცილებლად მოიპოვებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის, გამაჯანსაღებელი კურორტები.
"ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი; ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების,"-განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ორგანიზატორების თქმით, კონგრესის მიზანი, ქალთა ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები პრობლემურ თემებს წარმოადგენს. კონგრესში საქართველის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები მონაწილეობენ. ასევე დელეგატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, ჰონკონგიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.