"ქართული ოცნების" წევრების ბიზნესი და კავშირები რუსეთთან - მმართველი გუნდის რუსული კავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტები და საკრებულოს ოპოზიცია ინტერესდებიან.
თბილისის საკრებულოს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს იმ დეპუტატებს ასახელებს, რომელთა ბიზნესიც ხაბეიშვილის მტკიცებით რუსეთს უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი და მისი ოჯახია.
ტალიაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას რუსეთში აქვს უძრავი ქონება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიძინა და ასევე, დგინდება, რომ მას მსხვილი ანგარიშები აქვს ისეთ ბანკებში, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი და ის საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში.
გარდა ტალიაშვილისა, რუსულ ბიზნესთან კავშირი აქვს, ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატ, შალვა ოგბაიძეს.
ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, რომ შალვა ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიას რუსეთიდან შემოჰყავს ავტომობილები და სახელმწიფოს მათგან საერთო ჯამში, მილიონ 900 ათასი ლარის ღირებულების ნივა აქვს შეძენილი.
„თამარ ტალიაშვილს და მის მეუღლეს ასიათასობით ლარი აქვთ რუსულ ბანკებში. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ალფა ბანკი“ არის ბანკი, რომელმაც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი და აფხაზეთში კერძოდ, გაგრასა და სოხუმში აქვს ფილიალები. ასევე, თამარ ტალიაშვილის გარდა, რუსულ ბიზნესთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს შალვა ოგბაიძეს, რომელსაც მის დეიდაშვილთან ერთად რუსეთიდან სახელმწიფოსთვის ჩამოჰყავს ნივები და ჯამში, სახელმწიფომ 2 მილიონ 900 ათასი ლარის ნივა შეიძინა შალვა ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიისგან, გარდა იმისა, რომ ის შალვა ოგბაიძის დეიდაშვილია, ისინი იყვნენ ბიზნეს პარტნიორები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.