საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპოზიციას 20 ივნისის ღამეს უკვე ჰქონდა ხელისუფლების დამხობის გეგმა შემუშავებული.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, რომ ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში შეჭრასა და მის დაკავებას ცდილობდა.
ამის შემდეგ კი მისი მტკიცებით, რევოლუციური სცენარით მოქმედება საქართველოს რეგიონებში განვითარდებოდა, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობას გამოიწვევდა.
თუმცა „რუსთავი2“-ის კითხვაზე, საიდან ჰქონდა დეპუტატს მსგავსი ინფორმაციის მტკიცების საფუძველი, ვოლსკი ამბობს, რომ ეს კითხვა უარგუმენტო და უსუსურია.
„შემოჭრა იყო დათრგუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდის, კონკრეტული პოლიტიკური გუნდის. აქ ორგანიზებულად ელოდებოდნენ მოკავშირეები და შემდეგ ეს ყველა რეგიონში უნდა გავრცელებულიყო ეგეთი განუკითხაობის ატმოსფერო შექმნილიყო და სურათი, რომ თითქოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურას, როგორიც არის პარლამენტი.ქაოსი და დესტაბილიზაცია დაწყებულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით,“-ამბობს ვოლსკი.
იმავეს იმეორებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, პერმანენტულად ესმის საზოგადოებას, რომ რევოლუციური სცენარი უნდა განვითარებულიყო.
"ყველამ ვიცით რა მოწოდებები კეთდებოდა, მათ შორის რეგიონების დონეზე. სიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, შემდგომ ზუგდიდში იყო დაძაბულობის კერები. შემდგომ იარაღის ხელში აღებაზე, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, სხვადასხვა კონტექსტში, შემდგომ რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაზე, დაუმორჩილებლობაზე, ეს სიტყვები გვესმის პერმანენტულად. ამის საბოლოო განვითარება ვიხილეთ რუსთაველზე პარლამენტის წინ როდესაც იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტის შტურმით აღებასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ოხანაშვილი.