საქართველოს პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც უკვე მე-16 დღეა არ წყდება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც პროტესტის გამომწვევ მიზეზებზე, ისე მათ მოთხოვნებზე.
ამ დროისთვის საპროტესტო აქციები ერთადერთი მოთხოვნით გრძელდება - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.
„ჩამოვთვალეთ, რა პრობლემები გვაქვს. პრობლემები მეტწილად, Fake ნიუს სააგენტოები, ორკესტრირებული თავდასხმები, სიძულვილის ენით მოსაუბრე რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან ასეთი შემოტევები. ევროპა ამას ებრძვის, ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება მათთან ერთად მუშაობს სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ და ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია ამბობს, რომ შეხვედრაზე სისხლიანი ღამის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრეს.
დანელიას თქმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ გამოძიება დამოუკიდებლად ვერ წარიმართება მანამ, სანამ შს მინისტრად კვლავ გახარია იქნება.
"ვუთხარით ის, რომ თუკი ის არ გადადგება, ჩვენ პროტესტს აუცილებლად გავაგრძელებთ. თუკი მივლენ გახარიათი 2020 წლამდე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გაადაიხადონ ამისთვის," - განაცხადა დანელიამ.