„ქართული ოცნების დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს პირდაპირ ემთხვევა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის მიერ დადგენილების პროექტის დარეგისტრირების შეფასებისას გააკეთა.
საქმე ეხება, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ 20 ივნისის დარბევის შემდეგ დადგენილების პროექტის შემუშავებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.
დადგენილების პროექტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პოლიტიკოსებმა მშვიდობიანი პროტესტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს.
ელენე ხოშტარიამ დადგენილების პროექტის დარეგისტრირების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რუსი დეპუტატის, გავრილოვის გზავნილებს იზიარებს და მისი ნების შესრულებას გეგმავს.
„დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია არის უბრალოდ ქვეყნის სირცხვილი, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილის. აქ კიდევ ერთი რამეა ნიშანდობლივი, ორ კონკრეტულ საკითხში პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს. ერთი, ეს არის გავრილოვის გზავნილი 21 ივნისის, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელსაც შეუერთდა დღეს "ქართული ოცნების" პროკურატურა, მეორე, ეს არის ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც დაიწყო დღეს საუბარი, რომ რუსოფობიული განწყობებისკენ მიჰყავთ პარტიებს ეს აქციები, რაც უბრალოდ მტკნარი ტყუილია და რუსეთის დაკვეთა არის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.