20 ივნისის მოვლენები და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად განიხილა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ნიკა მელიას და აქციის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი.
„განვიხილეთ ნიკა მელიას საქმე, რომელსაც ეზღუდება მისი უფლებამოსილების განხორციელების კონსტიტუციური შესაძლებლობები. საუბარი გვქონდა დაანონსებულ პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც გუშინ პროკურატურამ დაანონსა და საუბარი გვქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამასთან დაკავშირებით განვმარტეთ ჩვენი პოზიცია, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორ და რანაირად ვაპირებთ ამ პროცესში მონაწილეობას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
იტალიის ელჩი ენრიკო ბარტოლი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომას მიესალმება.
„მისასალმებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა. ფრაქციის წევრებმა გვითხრეს, რომ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში. ეს კარგი ნიშანია. ისინი აწარმოებდნენ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ სისტემაზე გადასვლა,“ - განაცხადა ენრიკო ბარტოლიმ.