სია სიის წინააღმდეგ და ბრძოლა დადგენილებებით - ხელისუფლება ამბოხში მონაწილეთა სიის გაფართოვებას ცდილობს, ოპოზიცია კი გავრილოვის სიას ზრდის.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციალური დადგენილების პროექტებიც აქვთ მზად, მაგრამ, რა თქმა უნდა, რადიკალურად დაპირისპირებული შინაარსით.
ენმ-ის სიაში საქართველოსთვის საფრთხის შემცველი რუსი პოლიტიკოსები, თბილისში გავრილოვის ვიზიტის ორგანიზატორები და „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები შევლენ, ვინც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას ამ დარბაზში ხმა მისცა. სია გრძელი იქნება და საბოლო ვარიანტში 200-ზე მეტი ადამიანი მოხვდება.
ყველას, ვინც გავრილოვის სიაში მოხვდება, სანქციები დაუწესდება. „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მეგობარ ქვეყნებს ამ სიას გადაუგზავნის და სთხოვს, რომ მათ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალოთ, ასევე გაუყინონ ანგარიშებით, თუ ასეთი მათ უცხოურ ბანკებში ექნებათ.
ოპოზიციის დადგენილებას „ქართულმა ოცნებამ“ კონტრდადგენილება დაუპირისპირა. გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში გავრილოვი და მისი ვიზიტის ორგანიზატორები საერთოდ არ არის ნახსენები. ერთადერთი, რასაც უმრავლესობა ითხოვს გამოძიების დროული დასრულებაა.
„ოცნების“ კონტრდადგენილება ოპოზიციას არ გაკვირვებიათ. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ამყარებს რუსულ ნარატივს.
პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შემუშავებული დოკუმენტები უკვე დარეგისტრირდა. ძნელი მისახვედრი არაა საბოლოოდ რომელი ვერსია დამტკიცდება.