მიხეილ გიორგაძემ კუტურის სამინისტროში ხუთწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. ოფიციალური ვერსიით, კულტურის და განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა, რეალურად კი სახლში გაუშვეს.
გიორგაძის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალი, მათ შორის ყველაზე მასშტაბური საყდრისის საბადოს აფეთქებაა, რომელსაც მან ხელი მინისტრის რანგში მოაწერა, ისევე როგორც რამდენიმე კვირის წინ წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმების ბრძანებას, რასაც მწერლების დიდი პროტესტი მოჰყვა.
მწერლებმა თანამდებობიდან გიორგაძის გადადგომა დრამატული მოვლენების სევდიან ფინალად შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსავალი გიორგაძის გადაყენება არ არის და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგაძეს ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე კულტურის სფეროს მოღვაწეების მისვლა არ აპატია. უკვე მეთექვსმეტე დღეა, პარლამენტის შენობის წინ იზრდება იმ მომღერლების, მწერლების და მსახიობების რიცხვი, ვინც შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
გიორგაძე თანამდებობიდან წავიდა, თუმცა მწერლების მოთხოვნები არ იცვლება, კვირას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია მწერლებს დაეთმობა. საპროტესტო სცენიდან ხელისუფლება მათ გზავნილებს მოისმენს.
გიორგაძე სამინისტროდან წავიდა, თუმცა რთულია კულტურის სფეროში მოძებნო ადამიანი, ვინც მის საქმიანობას დადებითად შეაფასებს. მეგობრების კომპანიების ლობირების გამო, მიხეილ გიორგაძეს აკრიტიკებენ შოუბიზნესშიც. „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია ამბობს, რომ მან ეს სფერო მოკლა და ყველაზე კორუმპირებული გახადა.
მიხეილ გიორგაძის მიერ კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შემდეგ პრესაში მისი შემცვლელის ვინაობა სახელდება. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატურად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილი ოჯახის ახლო მეგობარი გიორგი დონაძე განიხილება. ის ფოლკლორის ცენტის ხელმძღვანელი და ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორია. დონაძის „ბასიანი“ ხშირად მოსკოვის გასტროლებზე დადის.