19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - „ქართული ოცნების“ სცენარი პირველად სერგეი გავრილოვმა გააჟღერა

„ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გადატრიალების სქემის მონაწილეებად თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, თამარ კორძაია და დავით ჭიჭინაძე გამოაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის მტკიცებით, დეპუტატებს პარლამენტის სასესიო დარბაზი ჰქონდათ ბლოკირებული და ქუჩიდან შენობაში შეჭრილი ხალხი მათ უნდა შეერთებოდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპოზიციას 20 ივნისის ღამეს უკვე ჰქონდა ხელისუფლების დამხობის გეგმა შემუშავებული. ხელისუფლება ამუშავებს ვერსიას, რომ ოპონენტები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ და ქვეყნის ყველა რეგიონში დესტაბილიზაციას მოაწყობდნენ.

ტერმინი „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ პირველად სერგეი გავრილოვმა 21 ივნისს გამოიყენა. მისი საჯარო განცხადება, რომელიც „კურიერის“ არქივში ინახება, ორ კვირაში პროკურატურამ საბრალდებო დასკვნად აქცია და რუსი დეპუტატის პოლიტიკური ბრალდებებით ხალხის დაკავება დაიწყო.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მთავრობა რუსი დეპუტატის პოლიტიკური გზავნილებით ხელმძღვანელობს და მოსკოვის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

20 ივნისს მთელი დღის განმავლობაში რომან გოცირიძე, მის თანაფრაქციელებთან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წევრთან ერთად სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა. ოპოზიცია იხსენებს, რომ მათ დარბაზის პიკეტირების რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ. დღის პირველ ნახევარში არსებობდა საფრთხე, რომ „ოცნებას“ გავრილოვი ისევ დარბაზში დაებრუნებინა. დღის ბოლოს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში პროტესტი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის გადადგომის მოთხოვნით გააგრძელა.

უმრავლესობიდან წამოსულ ვერსიებს გამოგონილ ამბოხზე, ოპოზიციის თქმით რამდენიმე მიზეზი აქვს. მათი თქმით, ოცნება ცდილობს საზოგადოების ყურადღება მთავარი თემებიდან გადაიტანოს და ამ ფორმით გიორგი გახარია თანამდებობიდან გაშვებას გადაარჩინოს. ოპოზიციის წევრებმა „ოცნებას“ საგანგებოდ მიმართეს და შეთქმულების თეორიებზე განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები