19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ვგმობთ შერჩევით სამართალსაც, რეპრესიები რომ დაიწყო ერთ მხარეს, მეორე მხარეს სიჩუმეა - აქციის ორგანიზატორები

პროტესტის მე-16 დღე - აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ რეპრესიებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სანამ ვინმეს პასუხისმგებლობას გამოიძიებს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საკუთარ ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი.

აქციის ორგანიზატორებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, სადაც დაკავებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ქმედებები დაგმეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, შერჩევითი სამართლის მიხედვით ხდება მომიტინგეების დაკავება. დიღმელაშვილის თქმით, მხოლოდ მომიტინგეების პასუხისმგებლობა გამოიკვეთა და არ ჩანს იმ სპეცრაზმელთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ პარლამენტის წინ შეკრებილებს.

„ჩვენ უბრალოდ ვგმობთ შერჩევით სამართალსაც, რეპრესიები რომ დაიწყო ერთ მხარეს, მეორე მხარეს სიჩუმეა, მეორე მხარეს კადრებზე მოძალადე პოლიციელები ჩანს, იმათი ამბები არ გვესმის. ანუ ხელისუფლება ცუდად იყენებს იმ სამართლებრივ ბერკეტს, რაც გააჩნია. ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ, ორივე მხარეს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად არ გვჯერა, რომ ის სასამართლო, რაც გვაქვს სამართლიანობის გარანტია. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ეს ცალმხრივი რეპრესიები დაასრულოს და მიხედოს საქმეს,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას ასევე, აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სამართლებრივი პროცედურების დაწყების მას შემდეგ, რაც შს მინისტრი კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას.

„სირცხვილი და ყოვლად ამორალურია ნებისმიერი ადამიანის დაკავება მაშინ, როდესაც გიორგი გახარია, ადამიანი, რომელმაც მოგვიწყო გავრილოვის სისხლიანი ღამე, კვლავ რჩება დაკავებულ თანამდებობაზე, რომელიც არის მთავარი სამართალდამრღვევი და პასუხისმგებელი ყველა დათხრილ თვალზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს მოხდა,“ - ამბობს ნოდარ რუხაძე.

პარლამენტის წინ აქცია მე-16 დღეა, მიმდინარეობს. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. 

დღის ამბები