19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ბინები, ფეშენებელური სახლები - გავრილოვის სიაში მყოფი დეპუტატების მიერ დაგროვილი ქონება „კურიერმა“ დაითვალა

გავრილოვის სიაში მყოფი დეპუტატები და მათ მიერ დაგროვილი ქონება „კურიერმა“ დაითვალა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტამდე გრძელი გზა გაიარა - რიგითი იურისტიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსობამდე. „ქართუ ჯგუფია“ მისი ერთადერთი სამუშაო გამოცდილება.

„ქართუდან“ პარლამენტში მოსულს 2017 წელს დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა - არც ქონება, არც ფული, არც სამეწარმეო საქმიანობა, არც საჩუქარი და არც ფასიანი ქაღალდები., რეალობა 2018 წელს შეიცვალა.

„არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპლექსში, თითქმის, დასრულებულია ის 3 საცხოვრებელი ბინა, რომელიც „ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს შეიძინა. დეკლარაციაში შეტანილი სამი ბინის ფასი, ერთი შეხედვითაც, არარეალურად გამოიყურება. მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, 54 კვ.მ. ბინა დეპუტატ მათიკაშვილს 25 ათასი დოლარი დაუჯდა, მაშინ, როცა „არქი ჯგუფში“ სხვა მყიდველს სრულიად განსხვავებულ ფასს გვთავაზობენ.

მმართველი გუნდის წევრის შენაძენი, 2018 წელს მხოლოდ 3 საცხოვრებელი ბინით არ შემოფარგლულა. დავით მათიკაშვილის ცოლს გასულ წელსვე გამოუჩნდა 50 ათასი ამერიკული დოლარი, ბაკურიანში 57 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის შესაძენად. პარტნიორთან ერთად დეპუტატი ლისთან ახლოს, 1500 კვ.მ.-ს ყიდულობს და ამაში 90 ათას ამერიკულ დოლარს იხდის.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც გავრილოვის სიაში მოხვდა ირაკლი სესიაშვილია. დიღომში ირაკლი სესიაშვილს სამსართულიანი სახლი აქვს. შარშან შემოდგომაზე დეპუტატი ამტკიცებდა, რომ ფულს სახლის ასაშენებლად ძლივს შოულობს და აუზში წყალიც კი ვერ ჩაასხა.

აუზში წყალი უკვე ასხია, ეზო გასარუჯი შეზლონგებითაც მოაწყეს და მალე აქ დეპუტატს სრული კომფორტი ექნება, მერიას სესიაშვილის ჭიშკრამდე, ახალი ასფალტირებული გზა გაჰყავს.

ირაკლი სესიაშვილის ოჯახის ჯამური ქონება, სახლები, მიწის ნაკვეთები და ცოლის ბიზნესები, ჯამში მილიონ ლარს აღწევს.

მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების სხვა დეპუტატების ტრენდს არ ჩამორჩა, პარლამენტის წევრად, რომ აირჩიეს, ჯიქიას ქუჩის ბოლოში 74 კვ ბინა ფლობდა, ახლა მდინარაძისთვის „დანი ქონსტრაქშენმა“, კერძო სახლი დიღომში ააშენა.

ანრი ოხანაშვილი გავრილოვის სიის ყველაზე გამორჩეული წევრია. ამ სიაში მოხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ, ეკა ბესელიას ჩასანაცვლებლად აირჩიეს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ანრი ოხანაშვილი თბილისში ბინას არ ფლობს, თუმცა კერძო სახლი 2018 წელს მისი მეუღლის სახელზე გადაფორმდა.

„კურიერის“ აეროგადაღების კამერიდან კარგად ჩანს, რომ მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია. სახლი ორი მიწისზედა და ერთ მიწისქვეშა სართულით აგურითაა მოპირკეთებული.

509 კვადრატული მეტრი სახლი 800 კვადრატულ მიწის ფართობთან ერთად, დეკლარაციის მიხედვით, ანრი ოხანაშვილის მეუღლეს, გასულ წელს მამამ აჩუქა. ძაღლები არ დაგვინახავს, მაგრამ საცურაო აუზი რომ შენდება, ეს შაბათის კურიერის კამერამ კარგად დაინახა.

ამ რეპორტაჟამდე „კურიერმა“ "ქართული ოცნების "ლიდერების ახალი სახლების შესახებ კიდევ სამი რეპორტაჟი მოამზადა, წლიდან წლამდე იზრდება ივანიშვილის პარტიის იმ ჩინოვნიკების რიცხვი, ვინც ფულს დიდი სახლებში აბანდებს.

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე. 

დღის ამბები