რუსული დელეგაცია ლუქსემბურგში ჩასვლის შემდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი არ დაბრუნდება.
ქართული დელეგაციის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სოფო ქაცარავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ასამბლეამ მიიღოს რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის ასევე ამბობს, რომ არაფერი ახალი რუსი დეპუტატების განცხადებებში არ არის.
„რუსეთის დელეგაციის მხრიდან განცხადებები ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო. მე მახსოვს შარშან ბერლინში მათი დამოკიდებულება ჩვენი რეზოლუციის მიმართ. აბსოლუტურად, იდენტური დამოკიდებულება ჰქონდათ. შეიძლება ეს ჩვენ დავაკავშიროთ რაღაც მოვლენებთან, თუმცა მე ვერ ვხედავ ძალიან დიდ განსხვავებას იმაში, თუნდაც ბერლინის ასამბლეაზე შარშან თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთს, ზუსტად, ასეთივე აგრესია, ასეთივე დამოკიდებულება და მათი ამოცანა იყო, რომ ჩვენი რეზოლუცია არ გასულიყო,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ქაცარავასგან განსხვავებულად აფასებს რუსული დელეგაციის წევრების განცხადებებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. გიგი წერეთელი კი მიიჩნევს, რომ ამ სესიაზე რუსი დეპუტატები განსაკუთრებით აგრესიულები არიან.
„ტონი, რომლითაც ისინი დღეს საუბრობენ, არის გაცილებით უფრო მკაცრი, კრიტიკული, რაღაცნაირად თავდაჯერებული, მოგვიწოდებენ, რომ საერთოდ უნდა იყოს დავიწყებული ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და, რა თქმა უნდა, გაცილებით გამომწვევი. ამ ვითარებაში კარგად ჩანს, რომ ამ ამბების გამო და საქართველოში მომხდარი მოვლენების გამო, რომელშიც თავად არიან, მე ვფიქრობ, მთავარი დამნაშავეები, დღეს, ასეთი გაღიზიანებული ტონია და განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ ამის პასუხი უნდა იყოს რეზოლუცია, რომელიც უნდა იქნას მიღებული, ეს ერთი, გარდა ამისა, აქ არის არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვარ ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი და უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ იბრძვიან რუსები ჩემს წინააღმდეგ აქ, სხვადასხვა მეთოდით,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხვალ იმსჯელებენ. უსაფრთხოების კომიტეტის დახურული სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც რეზოლუციაზე იმსჯელებენ.
შეხვედრაზე გადაწყდება, როდის იქნება კენჭისყრა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე თუ უკვე ბოლო დღეს, 8 ივლისს.
დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი დღე კი კომიტეტების სხდომებს ეთმობა.