გიორგი ბარამიძის გამოკითხვა დახურულ სასამართლო პროცესზე მიმდინარეობს. სხდომის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა და სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს და მნიშვნელოვანია პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„არ ვიცი, რატომ დაიხურა ეს სხდომა, პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა გამოკითხვის პროცესი, რაზეც გიორგი ბარამიძემ უთხრა, რომ ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამის შესახებ. რაც არის სინამდვილეში სწორი, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და დამალული არ არის, მაგრამ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ფაქტია ერთი, გახარიას და ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვერ მიიღებს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის გამოკითხვა საათზე მეტია, მიმდინარეობს. 20-21 ივნისის საქმეზე ასევე უნდა გამოიკითხონ გიგი უგილავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.