19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება, საქართველო გადარჩება - პაატა ბურჭულაძე

„ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება, საქართველო გადარჩება და საქართველო უკვე გადარჩა, შენ უნდა შეურიგდე ამ რეალობას,“ - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერს.

პაატა ბურჭულაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და 20-21 ივნისის ღამეს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ბურჭულაძე ახალგაზრდების აქტიურობით კმაყოფილია.

„მინდა, მოგილოცოთ ყველას ის, რომ ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი, ეროვნული მოძრაობა, ახალგაზრდული ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ვერავინ ვერ შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, ანადგურებენ ყველა იდეალს, 7 წელია, თესავენ სიძულვილს, მაინც ამოხეთქა ახალგაზრდულმა სულმა და ქვეყნის სიყვარულმა. ალბათ, ჩვენ უნდა გამოგვევლო ის გზა და განგვეცადა ყველაფერი, რაც მოხდა ამ 7 წლის მანძილზე, 20 ივნისის ჩათვლით, რადგან მივმხვდარიყავით იმას, რომ მეტი არასოდეს ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანი არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული პროექტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, არის ტროლების ქარხანა. ისინი ვერ იტანენ ვერავის და ყველას ლანძღავენ, ვინც კი წავიდა მათ წინააღმდეგ, ეს იქნება მსახიობი, არტისტი, ხელოვანი, ეს იქნება მეცნიერი თუ ეს იქნება მუშა და გლეხიც კი. ყველასთვის მონახავენ რამე სიტყვას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ,“ - ამბობს ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლება მისგან განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს დევნის და ამის მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილის შემთხვევა მოიყვანა.

„ბევრი ადამიანია ამ ტროლების ქვეშ მოქცეული, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ანიტა რაჭველიშვილი და იმღერა მაგ საღამოზე, ზუსტად მაგ მიტინგზე. ეს მთავრობას, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და უკვე დაიწერა, ანიტა მარტო ცუდად კი არ ლაპარაკობს და ცუდი პიროვნება კი არ არის, არამედ თურმე ცუდი მომღერალიც კი ყოფილა. რა ქნას ანიტამ, მაგ დონეზე, ჯერ არ ავიდა,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მან ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლებაში უკვე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.

„მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყუებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია, გიტანთ თქვენ, მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და იმისთვის, რომ მოხდეს გადატრიალება, თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაში. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის პროტესტის ეშინია და დარწმუნებულია, რომ პროტესტის ჩახშობის მიზნით, „ოცნების“ ლიდერი ყველა ხერხს გამოიყენებს.

„იმდენი მადლობა უხადეს გახარიას მთავრობა, შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ დავარქვით, 20 ივნისის ღამეს, გავრილოვის სისხლიანი ღამე, მთავრობამ გახარიას უხადა ძალიან დიდი მადლობები, მოდით, გავითვალისწინოთ მთავრობის თხოვნა და გახარიაც შევიყვანოთ ამ დასახელაბაში და იყოს არა გავრილოვის სისხლიანი ღამე, არამედ გახარია-გავრილოვის ღამე,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები