ეს არის პარტიულობის მიღმა აქცია, თორემ აპოლიტიკური რანაირად არის? - ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ახალგაზრდებს სწორი პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ. მისი თქმით, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს შორის მოხდა ზღვარის გავლება და დღეს უკვე პოლიტიკოსები საზოგადოებას ანგარიშს უწევენ და დღის წესრიგს აღარ სთავაზობენ.
„ივანიშვილს ვეთამაშებით ჩვენ სახელმწიფოებრიობანას. ჩვენ მაინც ველაპარაკებით, როგორც სახელმწიფოს, რომ გადააყენოს შს მინისტრი და ვითომ, არ ვიცით ჩვენ, რომ ივანიშვილის გარეშე ბუზი ვერ გაფრინდება პარლამენტში. სინამდვილეში ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ბრძანება ივანიშვილმა გასცა და არა გახარიამ. ჩვენ გვინდა, რომ ივანიშვილი არჩევნებით გავუშვათ და ამიტომ ველაპარაკებით ძალიან კულტურულად, მაგრამ ის გახარიას მაინც არ უშვებს თანამდებობიდან“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ჯანგირაშვილისთვის გაუგებარია სახელმწიფოს მიერ შეფასებული კონსტიტუციური წყობის გადატრიალება. მისი განცხადებით, ნიკა მელიას პარლამენტში შესვლა ვერაფრით გამოიწვევდა კონსტიტუციური წყობის რყევას და ხელისუფლებას არალოგიკურ მოთხოვნებში ადანაშაულებს.
„იმ ადამიანების თვალებს არ ეშველება არაფერი და ეს ჩემთვის კოშმარად იქცა და მე, უბრალოდ, მიკვირს როგორ არ ელევიან ეს ადამიანები თანამდებობას. არ გვინდა ჩვენ მონათმფლობელური თუ ფეოდალური ქვეყანა, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს. ერთი რამ მიკვირს მე, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს რატომ არ აქვთ ეს ემოციური განცდა სამშობლოს მიმართ?“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.
ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, მშვიდობიან თამაშში აყვეს მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, გაბრაზებულმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს, როგორც კერძო პირს შეუტიოს შუშის სასახლეში.
"კერძო პირი, ბიძინა ივანიშვილის სახლში შევარდნა არის სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის დამხობა? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვინმე კერძო პირი, ბიძინა ივანიშვილი, ბრძანებასაც იძლევა, რა ტყვიით დაშალონ და როგორ გაანადგურონ. ბატონო ბიძინა, გეთამაშებით სახელმწიფოებრიობანას და არ გვიმჩნევთ. გამოგვყევით, ბატონო ბიძინა, ამ თამაშში, რომ თქვენ გაგიშვათ მშვიდობიანად არჩევნების გზით. თორემ შეიძლება მოხდეს ისე, რომ იქ არ აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც შეაკავებს ხალხს, თქვენ ვერ გიშველით სპეცრაზმმი და გაავებული ბრბო ერთხელაც, ძალიან გამწარებული ხალხი კერძო პირს, ბიძინა ივანიშვილს, მოგივარდეს იმ თქვენს სასახლეში და აბსოლუტურად არაკულტურულ გარემოში აღმოჩნდეთ და ვერაფერი ვეღარ უშველოთ საკუთარ თავს", - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.