„ვხედავთ ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დგას არა ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული საზოგადოების მხარეს, არამედ დგას რუსეთის მხარეს,“ - ეს განცხადება მასკომუნიკაციის დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო დანელიამ გააკეთა.
ნინო დანელიას თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ამ ფონზე, ხელისუფლება მოქალაქეების მხარეს არ არის.
„ამ დიდ ომში, ჩვენ უკვე ვხედავთ და ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დგას არა ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული საზოგადოების მხარეს, არამედ დგას რუსეთის მხარეს. ეს იყო, რამაც ადამიანები გამოიყვანა გარეთ ასე მასობრივად იმიტომ, რომ გავრილოვი იყო მართლა სიმბოლურად, უკვე გაცხადებული ის, რასაც ხელისუფლება უკეთებს ქართულ საზოგადოებას,“ - განაცხადა დანელიამ.
დანელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი ერთში იმეორებს რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებს.
„ფსიქოლოგიურად ეს არის უკვე წაგებული ომი „ქართული ოცნების“ მიერ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ აბსოლუტურად შეუთანხმებლად, მორაგბეები, წყალბურთელები, მომღერლები, სპონტანურად უცხადებენ აქციას, არა ფიზიკურად იმ ადამიანებს, ვინც იქ დგას, თუმცა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ თვითონ ამ იდეას - ქართული სახელმწიფოს იდეას,“ - განაცხადა დანელიამ.
დანელიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური კლასი საქმიანად თანამშრომლობენ, რადგან იციან, რომ ქვეყნის მომავალი რუსეთი კი არა, ევროპაა.
დანელიას განცხადებით, ასევე გაუმართლებელია, როდესაც სპეცრაზმმა ჟურნალისტებს ესროლა.
„ძალის გადამეტებისთვის, დიახ, პასუხს აგებს გახარია და ის მართლაც, ამ შემთხვევაში არის სიმბოლო, რომ ვერც ერთმა შემდეგმა შს მინისტრმა ვერ უნდა გაბედოს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეზე,“ - ამბობს დანელია.