19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლუქსემბურგში ეუთოს დახურული სხდომა მიმდინარეობს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა იმ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილოს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. დახურული სხდომა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. 

პროექტის ტექსტი საკმაოდ მწვავეა და მასში საუბარია რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ, ასევე კონფლიქტური ზონებიდან ადამიანების რეგულარულ გატაცებებზე და მკვლელობის ფაქტებზე.

პროცედურის მიხედვით, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე. რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობს ეს არ დაუშვას. დოკუმენტის მისაღებად კი ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

გარდა ამისა, შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი უკრაინასთან დაკავშირებით და მსგავსი გადაწყვეტილება უსაფრთხოების კომიტეტზე გუშინ იქნა მიღებული. უკრაინის დელეგაციის წევრებმა, საქართველოს დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენს კოლეგებს ვუსვამთ არის ის, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე დასავლეთს შესაბამისი რეაგირება რომ ჰქონოდა, მივიღებდით თუ არა 2014 წელს რუსეთის აგრესიას ყირიმსა და დონბასში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ შეიმუშავა და წარადგინა უკრაინის დელეგაციამ რეზოლუცია ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ კი წარადგინა რეზოლუცია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დოკუმენტის მხარდაჭერისთვის და ასევე დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის გექნებათ უკრაინის მხარდაჭერაც“ - არტურ გერასიმოვმა.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ უფრო ფართოდ უნდა ამოქმედდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით განსაზღვრული სანქციები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ვისაც კი მკვლელობებში რაიმე წვლილი მიუძღვის, დასჯილი უნდა იყოს. 

„ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მოწინააღმდეგეები ჰყავს, პირველ რიგში რუსეთი და შესაძლებელია, რუსეთმა კიდევ აიყოლიოს რამდენიმე დელეგაცია. ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ჩვენ ბოლომდე ძალიან დეტალურად გავყვეთ და ყველაფერი გავაკეთეთო იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ. მთავარი პუნქტები არის ის მძიმე მდგომარეობა, ის აღწერა იმ მძიმე მდგომარეობის, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე... ოთხოზორია-ტატუნაშვილთან დაკავშირებული საკითხები და იმ სიასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც სხვა მკვლელობებს ეხება და ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილი, ვისაც ამაში ბუნებრივია, თავისი წვლილი შეტანილი,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გარდა ამისა, ხვალ უნდა გადაწყდეს, ვინ გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთ-ერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, გიგი წერეთელია. 

 

 

 

დღის ამბები