ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში დისკუსია უნდა გაიმართოს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი, ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯდომარე, "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს თვალ-ყურს ადევნებს.
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, მათ შორის ორ ხალხს შორის, რუსებსა და ქართველებს შორის უთანხმოების გამოწვევის მცდელობაზე.
"რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემონსტრაციები რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმისა და კრემლის წინააღმდეგაა მიმართული. პუტინისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ელიტის სათავეში არიან და არა რუსი ხალხისა და ერის. როდესაც ისტორია განსჯის ვლადიმერ პუტინს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელშიც ისტორია მას დაადანაშაულებს, იქნება უთანხმოების გამოწვევის მცდელობა ორ ხალხს შორის, რომლებიც ტრადიციულად ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ამ ადამიანმა, ამ დიქტატორმა კი მოახერხა, რომ მტრებად გვაქცია, მთავრობების დონეზე მაინც. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე დიდი პასუხი კრემლის აკრძალვაზე სწორედ საქართველოში წასვლა უნდა იყოს. ჩემი აზრით მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში უფრო მეტ რუს ტურისტს იხილავთ,“ - განაცხადა ვლადიმერ კარამურზამ.