„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერის წინააღმდეგ - დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გავრილოვის ინციდენტიც კი ხელისუფლების წევრებმა ერთმანეთის დასაძირად გამოიყენეს. P.S.-სთან ვრცელ ინტერვიუში დავით ჭიჭინაძე ღიად საუბრობს სახელისუფლებო გადატრიალებაზე, რომელიც მისი თქმით არა ოპოზიციამ, არამედ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერებმა მოაწყვეს. "გადატრიალებას თავად კლანებად დაყოფილი ხელისუფლება აწყობს," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ არავინ არ მიაქცია ყურადღება თამარ ჩუგოშვილის ფაქტორს და მომხდარი ირაკლი კობახიძეს დაბრალდა. სინამდვილეში კი ვინაიდან კობახიძე მივლინებაში იყო, მოვალეობას ის ასრულებდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც მისი იყო. ჭიჭინაძის თქმით, გავრილოვი ამ სავარძელში ჩუგოშვილმა ჩასვა და მანვე ატეხა შემდეგ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განგაში. დავთ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ჩუგოშვილს შეეძლო ფეისბუქზე კი არ გაეპროტესტებინა არამედ სხვა დარბაზში შეეყვანა და ეს მდგომარეობა თავიდან აეცილებინა.
ბუნებრივია ისმის კითხვა - რაში სჭირდებოდა ეს ხელისუფლების რომელიმე წევრს, მითუმეტეს ვიცე-სპიკერს – ამ კითხვაზე დავით ჭიჭინაძეს არანაკლებ სკანდალური პასუხი აქვს: ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალება შიგნიდან, თავად "ქართული ოცნების" წიაღიდან რაც "დაყავი და იბატონეს" პრინციპით შედგენილი პარტიის კლანური დაპირისპირებების შედეგია.
დავით ჭიჭინაძის განცხადებებს ბოდვას უწოდებს თამარ ჩუგოშვილი.
„ბოდვებზე კომენტარს არ ვაკეთებ, რაც გინდათ ის გაუშვით,"-გვიპასუხა მან.
-წერილობითაც არ გვიპასუხებთ ?
-ასეთი სიუჟეტი უფრო მაწყობს ვთარგმნი ახლა მე მომწონს, ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა”-განუცხადა P.S.-ს თამარ ჩუგოშვილმა.
დავით ჭიჭინაძე ამტკიცებს იმასაც, რომ თავად ჩუგოშვილმა უთხრა დეპუტატების ნაწილს, რომ ამერიკელების მოთხოვნა იყო მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ.
თავად ნიკა მელია უფრო სკანდალურ ინფორმაციას ფლობს და ამბობს, რომ საზღვარგარეთიდან საგანგებოდ დაბრუნებული ვიცე-სპიკერი ატყუებდა თანაგუნდელებსაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც.
დავით ჭიჭინაძის ამ განცხადებები თავდაყირა აყენებს ხელისუფლების ვერსიას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, "გავრილოვის ღამეს" ის პარლამენტში შუაღამემდე იყო და კულუარებში თავად ხედავდა იქ მიმდინარე პროცესებს.
იგივეს ამბობს იმ ღამეს პარლამენტში მყოფი კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელიც ხელისუფლების გადატრიალების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.